ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო ოფისი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაზე „ქართული ოცნების” თავდასხმებს ეხმაურება.
ორგანიზაცია წერს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ვინაიდან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება მზარდი ზეწოლის ქვეშაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლით.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეკა გიგაური გამოიკითხა საქმეზე, რომლის საგამოძიებო მუხლიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბრალდებებს, რომლებიც მოიცავს საბოტაჟს, უცხო სახელმწიფოებთან შეთქმულებას და ფინანსურ დანაშაულებს, უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს ბრალდებები მიზნად საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ანტიკორუფციული ვოჩდოგ ორგანიზაციის გაჩუმებას ისახავს.
არსებობს რეალური რისკი, რომ დაკითხვებს მალე მოჰყვება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, მათ შორის ეკა გიგაურის, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არასდროს ყოფილა ჩართული ისეთ საქმიანობაში, რომელიც ოდნავ მაინც გაამართლებდა ასეთ ბრალდებებს. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების და თვითნებური სამართალდამცავი ორგანოების აშკარა შემთხვევა”. – აცხადებს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა” ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაცია საქართველოში ისედაც ორმაგი დაკვირვების ქვეშაა „უცხო ქვეყნის აგენტების” და გრანტების შესახებ კანონის გამო. განცხადებაში TI ასევე საუბრობს 7 ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე, ასევე FARA-სა და გრანტების კანონზე და მიუთითებს, რომ „ერთობლიობაში ყველა ეს ქმედება ავტორიტარული სტრატეგიაა, რათა დაასუსტოს სამოქალაქო საზოგადოება და მოშალოს დემოკრატიული კონტროლი ძალაუფლებაზე”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარემ, ფრანსუა ვალერიანმა, განაცხადა:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დევნა პირდაპირი თავდასხმაა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. სამოქალაქო საზოგადოება აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის და არა მისი სუვერენიტეტისთვის საფრთხე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს შევიწროების კამპანია. საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ შეფასდება იმით, თუ როგორ ექცევა ის მათ, ვინც ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერებისთვის იბრძვის.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:
- შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების ყველა სახის შევიწროება და დაშინება.
- დაიცვას გაერთიანების, გამოხატვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის თავისუფლების უფლებები.
- უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს.