TI: სანქცირებული სულხან თამაზაშვილის უკანონო მშენებლობა და არადეკლარირებული ქონება

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და მისი ოჯახის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ უკანონოდ დაიკავეს 2,887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #3) და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.

სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო იგი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა.

TI-ის ცნობით, ფოტოზე აღნიშნულ მონაკვეთებზე:

  1. არის თამაზაშვილების 2017 წელს რეგისტრირებული საკუთრება;
  2. თამაზაშვილების 2019 წელს რეგისტრირებული საკუთრება;
  3. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილების სახლი დგას;
  4. სახელმწიფო საკუთრება;

ორგანიზაციის თქმით, სულხან თამაზაშვილმა სოფელ ქვედა სამებაში მდებარე ერთი – 2,500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ შენობა-ნაგებობა (სურათზე: ნაკვეთი #1) თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა.

TI-ის თქმით, როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.

ასევე, ორგანიზაცია წერს, რომ თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე – 2,498 კვ.მ მიწის ნაკვეთი (სურათზე: ნაკვეთი #2).

TI: თამაზაშვილების საცხოვრებელი სახლი არარეგისტრირებულ ნაკვეთზე. Google Earth-ის ორთოფოტო 2025 წლის ივნისის მდგომარეობით
TI: თამაზაშვილების საცხოვრებელი სახლი არარეგისტრირებულ ნაკვეთზე. ფოტო 2025 წლის ივნისის მდგომარეობით.

TI წერს, რომ სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%.

მათი განცხადებით, სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა განახორციელა უკანონო მშენებლობა.

TI: ღობე, რომლითაც თამაზაშვილებმა შემოსაზღვრეს ორი რეგისტრირებული და ერთი არარეგისტრირებული ნაკვეთი უკანონოდ აშენებული სახლით.
TI: თამაზაშვილების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით.