„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს არ დააკვირდება. ორგანიზაციის თქმით, ქვეყანაში გამართულ თითქმის ყველა არჩევნებს აკვირდებოდნენ და 4 ოქტომბრის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც „TI-საქართველო“ მისი 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში აღნიშნულ შესაძლებლობას მოკლებულია.
„ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის რეპრესიული გარემოა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა. როგორც ცნობილია, მიღებულია რამდენიმე კანონი, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებით და სისხლის სამართლის წესით დევნით გვემუქრება. დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არის ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ორი მონიტორინგის ქვეშ, ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი ე.წ. პირბადეების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო მედიის დეზინფორმაციული კამპანიების მუდმივი სამიზნე და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები არიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისთვისაც – შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ “ქართული ოცნების” ტიტუშკების თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე, როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან“, – აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადებაში მოხმობილია ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით (1990) გათვალისწინებული ცხრა პრინციპი, რომლის დაცვაც საჭიროა, რათა არჩევნები შეფასდეს, როგორც სამართლიანი და თავისუფალი. „TI-საქართველო“ ამბობს, რომ ამ პრინციპების დასაცავად დოკუმენტი ხაზს უსვამს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვან როლს.
„საქართველოში არსებულ კონტექსტში, ჩამოთვლილი პრინციპების დაცვისთვის სამოქალაქო საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიაგარემოს თავისუფლებას გადამწყვეტი როლი აქვს. შესაძლო პოლიტიკური კონკურენტების დისკრედიტაცია და ოპოზიციური პარტიების წევრების პატიმრობაში გაშვება თავისუფალი არჩევნების დამახასიათებელი არაა. სახეზეა გარემო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების გზით და რომლის არსებობის პირობებში გამორიცხულია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. არჩევნებზე დაკვირვებით ჩვენ არ და ვერ შევქმნით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიას.
აქედან გამომდინარე, 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ჩვენს ორგანიზაციას შეუძლებლად მიაჩნია“, – აცხადებს ორგანიზაცია.