„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.
განცხადებაში წერია, რომ „ოცნებამ“ „თვითნებურად და ცალმხრივად“ ჩამოაყალიბა პარლამენტი „გაყალბებული არჩევნების“ შედეგად. შესაბამისად, TI წერს, რომ პარლამენტის პირველი სხდომა კონსტიტუციის უხეში დარღვევით ჩატარდა და „არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია“.
იხილეთ:
„2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღეს კი ერთპარტიულად საქართველოს “პრეზიდენტად” მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა.
როგორც ადრეც განვაცხადეთ, გაყალბებული არჩევნების შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოაყალიბა პარლამენტი, რომლის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ:
1. სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა;
2. პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რაც პარლამენტს ართმევდა იურიდიულ შესაძლებლობას ეცნო ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია.
საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს საზოგადოება არ ცნობს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. ცხადია, კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, „შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და იმოქმედოს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, დაიცვას კანონი და კონსტიტუცია“.
TI აცხადებს, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომების მიღებით:
- „გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე“;
- „დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების (სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შსს) პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით“.