„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ორგანიზაციამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
„სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიჩნეულ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები. სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მივმართეთ შუამდგომლობით, რომლითაც სასამართლოს მიერ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ვითხოვთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.
ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.
არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, ვინაიდან ის არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას.
გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადებით, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს საიმისოდ, რომ იგი გამოყენებულ იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის.