TI: საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა, ეს საფრთხის შემცველია

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა.

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

კვლევის თანახმად, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა.

კვლევაში საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მხრიდან საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების მიმართ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე.

„მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო“, – ნათქვამია კვლევაში.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2023 წლის პირველ ნახევარში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

კვლევაში წერია, რომ:

რუსეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 12.4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.

2023 წლის იანვარ-ივნისში ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე.

2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა 38 მლნ დოლარით (275%-ით). უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი 35 მლნ დოლარით (113%-ით) გაიზარდა. ღვინის ექსპორტი 24 მლნ დოლარით (41%-ით) გაიზარდა, სპირტიანი სასმელების კი 11 მლნ დოლარით (82%-ით). მნიშვნელოვნად მხოლოდ ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა – 41 მლნ დოლარით (47%-ით). 2023 წლის მარტიდან რუსეთმა ფეროშენადნობების იმპორტზე ანტიდემპინგური გადასახადი დააწესა, რამაც საქართველოდან რუსეთში ფეროშენადნობების შეტანა შეაჩერა.

2023 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოს მთავრობამ აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან კი მსგავსი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტსაც შეეხება. საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრებითაა განპირობებული.

მიმდინარე წლის 6 თვეში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე ღვინო იყო 82 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზე უალკოჰოლო სასმელები იყო 66 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 53 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის შემთხვევაში, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსული საქონლის საქართველოში იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 12.9% იყო. წლის პირველ ნახევარში რუსეთის წილი იმპორტი ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

2021 წლის 6 თვესთან შედარებით, რუსეთის იმპორტი 2-ჯერ არის გაზრდილი.

2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 137 მლნ დოლარით (75%-ით). 2021 წლის 6 თვესთან შედარებით ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ბუნებრივი აირის იმპორტი 45 მლნ დოლარით (138%-ით) გაიზარდა, შავი ლითონების იმპორტი 20 მლნ დოლარით (71%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა მარგარინის  22 მლნ დოლარით (87%-ით), ელექტროენერგიის 15 მლნ დოლარით (96%-ით) და სატელეფონო აპარატების 8 მლნ დოლარით (96%-ით) იმპორტი.

მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 321 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე ბუნებრივი აირი იყო 78 მლნ დოლარით.

რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 82 მლნ აშშ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იანი ზრდაა. გაიზარდა საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც და 65%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე, ტრადიციულად, მაღალია. 2022 წელს რუსეთიდან 129 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი და ფქვილი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 97% იყო. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის და ფქვილის მოცულობა 26 ათასი ტონით (21%-ით) გაიზარდა. რუსულ ხორბალს და ხორბლის ფქვილს საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარებაში 75%-მდე უჭირავს.

ბოლო წლებში რუსულ ელექტროენერგიას საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2022 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 2.6% იყო. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რაც იმან განაპირობა, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია.

განსხვავებული სიტუაციაა რუსული ბუნებრივი აირის მოხმარებაში. 2019 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში 6.5% ეკავა. 2020 წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2022 წელს 3-ჯერ მეტი (520 მლნ კუბ მეტრი) რუსული ბუნებრივი აირი მოვიხმარეთ, ვიდრე 2019 წელს. 2023 წლის იანვარ-ივნისში, 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და 422 მლნ კუბ მეტრი შეადგინა. საქართველოს შიდა მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 24%-მდე გაიზარდა,  გასული წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო.

კვლევის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე.

  • ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველია.
  • რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად, საავტომობილო საწვავის, ბუნებრივი აირის და შავი ლითოონების იმპორტის ზრდის გამო.
  • რაც შეეხება ტურიზმსა და ფულად გზავნილებს, „კოვიდ 19-ის“ პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით  იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.
  • 2022 წელს პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს  რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია.
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით.
  • 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსი ვიზიტორების წილმა 20.2% შეადგინა. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია.
  • რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა მხოლოდ 2022 წლის მდგომარეობითაა ცნობილი. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, ანუ აღირიცხა როგორც იმიგრანტი.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 482 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.
  • ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წლის იანვარ-ივნისში 19.1% იყო, 2023 წლის 6 პირველ თვეში კი 26.7%-მდე გაიზარდა.
  • იმდინარე წლის 15 მაისიდან რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღდგა, რომელიც 2019 წლის ივლისიდან იყო შეწყვეტილი. ფრენების აღდგენამ რუსი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლას ხელი შეუწყო, თუმცა, რთული სათქმელია კონკრეტულად რა რაოდენობით გაზარდა, რადგან რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლას ისედაც მზარდი დინამიკა ჰქონდა.
  • საქართველოსთვის შემოსავლის მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. 2015-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილები მცირდებოდა. 2022 წელს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს.
  • 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, მიმდინარე წლის მაისი-ივნისში რუსეთიდან გზავნილებმა კლება დაიწყო და 259 მლნ დოლარით ნაკლები გადმოირიცხა, ვიდრე 2022 წლის მაის-ივნისში.
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში, რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 47.5% იყო.

პირადი ინვესტიციების შემთხვევაში, 2017-2021 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 5% იყო. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული. 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ერთი წლის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია.

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 56 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. 56 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში მიემართა, 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში, 7 მლნ დოლარი საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 4 მლნ დოლარი ვაჭრობაში.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მოიძია ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთი იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. კვლევის მიხედვით, სწორედ ასეთ კომპანიებს ეწოდება რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 29,000-მდე ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 74% (21,326-მდე) უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში დარეგისტრირდნენ. 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 14,977 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წელს რეგისტრირებულ კომპანიებთან შედარებით. 2023 წლის პირველ ნახევარში კი 6,539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

2022-2023 წლებში დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვთ.

საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის დროს კომპანიის მომავალი საქმიანობის სფეროს მითითება არ ხდება. თუმცა, როდესაც კომპანია საქმიანობას იწყებს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი საქმიანობის სფერო საქსტატისთვის ცნობილი ხდება. ამჟამად 2022 წელს რეგისტრირებული 2,362 რუსული კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი, საიდანაც 1,884 კომპანია (80%) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს. აღნიშნული მეწარმეების 99% ინდივიდუალური მეწარმეა. შემდეგ მოდის დიზაინერული და სარეკლამო საქმიანობა, სადაც ამ ეტაპზე 1,126 კომპანიაა იდენტიფიცირებული. განათლების, ხელოვნების და გართობის სფეროში 110 კომპანიაა, ვაჭრობის, რესტორნების და სასტუმროების სფეროში 82 კომპანია.

კვლევის კონკრეტული მიგნებების მიხედვით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6,539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21, 326 კომპანიაა რეგისტრირებული.

2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში.

  • 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. კვლევის მიხედვით, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-მდე არასდროს მიუღწევია;
  • რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად;
  • რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა;
  • რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია. რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა;
  • 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა – 75%-ით. თუ შევადარებთ, რუსეთ-უკრაინის  ომამდელ პერიოდს, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი;
  • 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია;

2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.

კვლევაში მოცემული რეკომენდაციების მიხედვით, რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ აქვთ ასეთი შეთანხმება.

ამასთან, რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

კვლევის შემდგომი რეკომენდაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.

კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.