TI სასამართლო სისტემაში დეპუტატების მხრიდან სავარაუდო ჩარევაზე გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქათველო“ (TI) ტელეკომპამპანია „პირველის“ ეთერში  სასამართლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტ ეხმურება.

„ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარება და ის ფაქტი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები არა მართლმსაჯულების, არამედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესების შესაბამისად მიიღება.

შაბათს, 25 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატები, ირაკლი კოვზანაძე და პაატა კვიჟინაძე, მათი კოლეგის, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო  გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში,  სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც.

წლებია, სამოქალაქო სექტორი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საუბრობს ზარდიაშვილის კავშირების შესახებ სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან. მას კლანის წევრებთან ახლო, ნათესაურ-მეგობრული კავშირებიც აქვს. კერძოდ, ზარდიაშვილი და კლანის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან. ვანო ზარდიაშვილის კავშირებზე საუბრობდა ასევე ყოფილი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია. მისი განცხადებით, ზარდიაშვილი ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რამაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, ” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია პირველისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერები გავრცელებული დოკუმენტური მასალებიდან გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც სავარაუდოდ  ფარული თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი.

„სუს-ის თვალთვალის სამიზნე იყვნენ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველი პარტიის დეპუტატები, საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ბიზნესმენები, სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული რამდენიმე საელჩოს თანამშრომლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რამდენიმე ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ფარულ ჩანაწერებში არსებული მიმოწერის/კომუნიკაციის ავთენტურობა დაადასტურა, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ.


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, ათასობით დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.