TI: შოთაძის წარდგენა აჩენს ეჭვს, რომ გენპროკურორად მისი არჩევა წინასწარაა გადაწყვეტილი

პუბლიკა

მოვუწოდებთ, საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს, რადგან მას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) ავრცელებს.

„2018 წლის 31 მაისს, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებისა და საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგა. პროკურატურისა და შსს-ს მხრიდან არაობიექტური და მიკერძოებული პროცესის ჩატარების შესახებ ეჭვები მირზა სუბელიანის ციხის ჩანაწერებმაც გააღრმავა.

დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სასამართლოს დღემდე არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო მირზა სუბელიანის მიერ გამოძიებაზე შესაძლო ზეგავლენის განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გასცემია. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმის შესწავლისას არაერთი ხარვეზი და კანონდარღვევა აღმოაჩინა, რასაც ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია.

ირაკლი შოთაძის კონკურსში მონაწილეობა აჩენს ეჭვს, რომ მისი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა და გენერალურ პროკურორად არჩევა წინასწარ არის გადაწყვეტილი და შერჩევის პროცესი ფიქტიურ ხასიათს ატარებს”, – ამბობს TI.


საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.