„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვით, 2019 წელს განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება. ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტის გამარტივებული (ე.წ. პირდაპირი) შესყიდვის გზით განხორციელებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე ორჯერ გასცეს.
„გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობასა და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში.
განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე გაიცემა ერთიანი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს. ის ფაქტი, რომ სოფლის პროგრამის შემთხვევაში ერთიანი თანხმობა მეორე წელია უპრობლემოდ გაიცემა, მიანიშნებს იმაზე, რომ მკვიდრდება ახალი, მავნე და კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
რა არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა?
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მართული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პროგრამის ქვეკომპონენტი, რომლის გამოყენებითაც ცენტრალური მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. პროგრამა მოიცავს 54 მუნიციპალიტეტს. იგი არ ფარავს ქვეყნის თვითმმართველ ქალაქებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს.
რა არის პრობლემა?
კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება
TI განმარტავს გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად საჭირო პროცედურებს და აცხადებს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა, ე.წ. „ერთობლივი შესყიდვის” მექანიზმი, როდესაც რამდენიმე შემსყიდველს შეუძლია ერთობლივად განახორციელოს ერთი შესყიდვა. კანონის მიხედვით, ერთობლივი შესყიდვის პროცედურა გამოიყენება ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთი შესყიდვის ჩასატარებლად – შესაბამისად, ერთობლივი შესყიდვის პროცედურის გამოყენებით არ უნდა იყოს შესაძლებელი გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მიღება ერთდროულად ერთზე მეტ შესყიდვაზე. თუმცა, სწორედ ეს ხდება სოფლის პროგრამის შემთხვევაში 2019 წლიდან. უკვე მეორე წელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, 54 მუნიციპალიტეტის სახელით, ითხოვს 80 მილიონი[1] ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ათას ინდივიდუალურ შესყიდვაზე გამარტივებული წესის გამოყენების ერთიან ნებართვას, რაზეც იღებს თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან.
ცუდი პრაქტიკის დამკვიდრება
სოფლის პროგრამის შემთხვევამ შექმნა სახიფათო პრეცედენტი, როდესაც მრავალ შესყიდვაზე შეიძლება გაიცეს გამარტივებული შესყიდვის ერთიანი ნებართვა. გარდა იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება შესყიდვების სააგენტოს გაცხადებულ მიზანსაც, შემცირდეს გამარტივებული შესყიდვების წილი სახელმწიფო შესყიდვებში. „გაუგებარია, რატომ გასცემს შესყიდვების სააგენტო კანონთან შეუსაბამო ერთიან თანხმობას სოფლის პროგრამის მთლიანად გამარტივებული შესყიდვით გახარჯვაზე”, – აცხადებს ორგანიზაცია.
კორუფციის მომატებული რისკი
გამარტივებული შესყიდვის განხორციელების დროს არაგამჭვირვალედ და უკონკურენტოდ ხდება კომპანიის შერჩევა. შემსყიდველს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს კომპანია ფასისა და ხარისხის მიღმა არსებული ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც პოტენციურად უსამართლო ანდა უკანონო შეიძლება იყოს. გამარტივებული შესყიდვის დროს ასევე იზრდება ფარული გარიგებების არსებობის რისკი. ორგანიზაციის ვარაუდით, შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება არის როგორც უკანონო, და ასევე უპასუხისმგებლო და კორუფციის წამახალისებელი.
უარი სახსრების დაზოგვაზე
2018 წელს სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ კონკურენტული ტენდერების შედეგად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 10.6%-იანი ეკონომია ნახა. ამ მონაცემის გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მთლიანად გამარტივებული შესყიდვის წესით გახარჯვით სახელმწიფო ყოველ წელს პოტენციურად 4 მილიონი ლარის დაზოგვაზე ამბობს უარს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გამარტივებული შესყიდვის გამოყენება აუცილებელი სოფლის პროგრამის გასახარჯად. TI-მ არგუმენტების გასაგებად მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც უპასუხეს, რომ სააგენტო ვერ ხედავს კანონთან შეუსაბამობას და დიდწილად იზიარებს მუნიციპალიტეტების მიერ ზემოთ წარმოდგენილ ლოგიკას. პასუხში სააგენტომ კიდევ ერთი არგუმენტი დაასახელა, რომელიც გასათვალისწინებელია:
„მხედველობაშია მისაღები, რომ ინდივიდუალურად შესასყიდი ობიექტების მცირე მოცულობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მუდამ არის მაღალი ალბათობა, რომ ეს ტენდერები დასრულდეს უშედეგოდ, რაც თავის მხრივ გამოიწვევს, პროექტების განხორციელების ვადების მკვეთრ ზრდას და მათი შეფერხებით განხორციელებას”, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია რეკომენდაციის სახით მოუწოდებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, უარი თქვან საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 40 მილიონი ლარის ღირებულების ათასობით შესყიდვაზე გაიცა გამარტივებული წესის გამოყენების კანონთან შეუსაბამო ერთიანი ნებართვა. აუცილებელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯოს მეტად გამჭვირვალე, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.