TI: უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას

პუბლიკა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროდან მიიღეს ცნობა, რომ გაუქმდა ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. ორგანიზაციის თქმით, აგრძელებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სახელით.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციასა და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა. უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სახელით“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” (TI) და „აირჩიე ევროპას” განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციების სტატუსი მოუხსნა. ამავე დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა ბიუროს, დაუყოვნებლივ ჩაებარებინათ გადაწყვეტილება.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების შეცვლას წინ უძღოდა პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადება. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან” დაკავშირებული გადაწყვეტილება შეეცვალა.