TI: ვაჟა სირაძის მამა, მოსამართლე შოთა სირაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას და შემოსავალს მალავს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა, დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებას და შემოსავალს მალავს.

საუბარია, შოთა სირაძის 2024 წლის დეკლარაციაზე,  რომელშიც მას მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ აქვს მითითებული.

TI-ს განცხადებით, შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება: 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ქალაქ ხობში, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, 5498 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში, 2785 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.

ამასთან, მან დეკლარაციაში არ ასახა მეუღლის, ეკა ლატარიას, შემდეგი უძრავი ქონება: 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში, ორი მცირე ფართი (9.88 კვ.მ. და 13.43 კვ.მ.) ქალაქ ხობში.

შოთა სირაძემ დეკლარაციაში ასევე არ ასახა დედის, მზია სირაძის საკუთრებაში არსებული ქონება – 3150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში.

TI-ს განცხადებით, დარღვევაა დაუდეკლარირებელი ხელფასი — შოთა სირაძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა მოსამართლის მანდატით მიღებული წლიური შემოსავალი. აღნიშნული მან არც 2023 წლის დეკლარაციაში მიუთითა.

დარღვევაა, დაუდეკლარირებელი ბიზნეს წილებიც  შოთა სირაძის მეუღლე ეკა ლატარია შპს „კატე გლობალის” 100%-იან წილს ფლობს და ამავდროულად კომპანიის დირექტორია, რაც დეკლარაციაში არასრულად, მეწილეობის გამოტოვებით არის მითითებული.

ამასთან, ლატარია შპს „გლობალ ოილის“ მეწილე და სპს “ბერაია და კომპანია სპს“-ის თანადამაარსებელი და დირექტორია. შპს გლობალ ოილის დირექტორმა გელა ხუნწარიამ ქართულ ოცნებას 2020-2021 წლებში 30,000 და 15,000 ლარი შესწირა.

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, შოთა სირაძე, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლევალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს შოთა სირაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.