„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას აფასებს, როგორც „ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ქართულ სამოქალაქო სექტორზე“.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს ძალადობრივი შემთხვევა მათ წინააღმდეგ წლების მანძილზე მიმდინარე სახელისუფლებო კამპანიის გაგრძელებაა.
14-15 იანვარს, ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და TI-ის წარმომადგენელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
ზვიად ქორიძე ბათუმში პოლიტიკური პატიმრის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ადევნებდა თვალს და აპროტესტებდა მის უკანონო პატიმრობას.
„ეს ძალადობრივი ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრების მქონე პირებისა და ჩვენი ორგანიზაცის წარმომადგენლების წინააღმდეგ ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მის განხორციელებაში ჩართულნი არიან არა ფარულად ორგანიზებული ჯგუფები, არამედ უშუალოდ ივანიშვილის პარტიის ზონდერებად ღიად მოქმედი ლიდერები. მათ ევალებათ აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნა და მათზე თავდასხმა.
მოვითხოვთ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძეს, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები.
მათ ქმედებაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა სიტყვის, აზრის ან პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით), და 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები“. – აცხადებს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სასტუმრო შერატონის ხელმძღვანელობას, საქმის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯარონ ვიდეო ჩანაწერები.
ასევე, აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს, „რათა ადეკვატური პასუხი გაეცეს როგორც უშუალოდ ივანიშვილს, ასევე მისი ზონდერ ჯგუფების ამ ქმედებას”.