თიბისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავს

რეკლამა

თიბისი, ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს
მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით ეხმაურება.

2022 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104-ე წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად თიბისიმ საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში არაერთი საინტერესო ღონისძიება დაგეგმა, რომლებიც დამოუკიდებლობის სკოლის ფარგლებში გაიმართება და პროექტ „გმირებს“ მიეძღვნება.

პროექტი „გმირები“ თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს
დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.

წელს კი კოლექციას  ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა და იღწვოდა. „გმირების“ მიზანია, ახალმა თაობამ კარგად გაიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც შორეულ თუ ახლო
წარსულში საქართველოს მომავალი შექმნეს.

მწერალმა აკა მორჩილაძემ ქართველი გმირების ამბები ასე აღწერა:
„საქართველოს წარსულის უკიდეგანო გალერეაში უამრავი ისეთი ადამიანია, რომელთა ცხოვრებაც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სუნთქვას, არამედ მის სიცოცხლეს, მისი სულის და ხორცის უკვდავებას განაპირობებდა. წარსულის ქართველთა სამყარო ძალიან დიდია.“

წელს თიბისიმ „წარსულის ქართველთა სამყაროდან“  10 გმირი და მოღვაწე გამოარჩია: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მერაბ კოსტავა და მარო მაყაშვილი. პროექტი „გმირები“ სიცოცხლეს შემდეგ წლებშიც გააგრძელებს და მას ისეთი ადამიანები შეემატება, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს და თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს.

2022 წელს გამართული დამოუკიდებლობის სკოლის გაკვეთილები სწორედ ამ ათ გმირს მიეძღვნება. დამოუკიდებლობის სკოლა სპეციალურად 26 მაისისადმი მიძღვნილი პროექტია, რომელსაც თიბისი უკვე მეხუთე წელია ატარებს. სკოლა სხვადასხვა ადგილას იმართება და მასში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები, რომლებიც ღია გაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა თემაზე, რაც ქვეყნის თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან არის კავშირში.

დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია.