21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
წელს ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალის დაარსებიდან მე-40 წლისთავს.
მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსები – მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდი – ქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატა – კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
საიუბილეო ფესტივალის 22 სექტემბრის ღონისძიებებს თიბისი წარმოგიდგენთ. ფესტივალის ერთ–ერთი მთავარი მიზნობრივი ჯგუფია ახალი თაობა, რომელთათვის ყოველ წელს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები – კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის, პროფესიული ზრდის, ახალი სახელების გამოვლენის მიზნით.
22 სექტემებერს თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში 15:00 სთ–ზე გაიმართება ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური ოპერა–სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ (რეჟ.: ბესო კუპრეიშვილი) და თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე 18.00 სთ–ზე ახალგაზრდა მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი სამუსიკო სასწავლებლების (თბილისი, თელავი, ქუთაისი) ნიჭიერი მოსწავლეები და სტუდენტები.
კონცერტში მონაწილეობას იღებს ცოტნე ზედგენიძე, რომლის ერთ–ერთი პირველი სოლო კონცერტი გაიმართა ფესტივალზე (2018).