ტიგინაშვილი ამბობს, რომ უცხო პირები მის სახლში შეღწევას ცდილობდნენ. თეოლოგი შსს მიმართავს

პუბლიკა

დღეს დილით სახლში მისულს ბინის საკეტი დაზიანებული დახვდა, რამდენიმე დღის წინ კი მასზე თავდასხმა სცადეს. გამოიკითხა სამართლადამცველების მიერ.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, რომელიც საპატრიარქოსთან დაკავშირებულ თემებზე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, ამბობს, რომ სწორედ საპატრიარქოსთან დაკავშირებული პოზიციების გამო სდევნიან. ტიგინაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუშინ, 30 იანვარს მის სახლში უცხო პირები ცდილობდნენ შეღწევას, თუმცა ერთი საკეტის გახსნისას ხმაურზე ოჯახის წევრებს გაეღვიძათ.

ტიგინაშვილი შს სამინისტროს, პროკურატურას და უსაფრთხოების სამსახურს მისი და  ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. მან განცხადებით მიმართა შს სამინისტროს. ტელეკომპანიის ცნობით, თეოლოგი ვარკეთილში პოლიციის განყოფილებაშია გამოკითხვაზე.

„კულმინაციურ პიკს მიაღწია ჩემზე რეპრესიებმა. ჩემი სახლის კარებსაც კი მოადგნენ, აქედან გამომდინარე, იძულებული ვარ, მივმართო შს სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურს და პრიოკურატურას, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება. ორი დღის წინ მე დამესხნენ თავს, როცა შლაგბაუმიდან ფეხით გამოვდიოდი. ორი მამაკაცი დამხვდა, მითხრეს, რატომ აკრიტიკებ ეკლესიასო. ვუთხარი, რომ მე ვარ თეოლოგი და ქუჩაში ამის განხილვას არ ვაპირებდი“, – განუცხადა ტელეკომპანია „მთავარს“ ტიგინაშვილმა.