ტიკარაძე ამბობს, რომ არ ემხრობა კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემას

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი და ქვეყნის პირველი ექიმი, ემხრობა თუ არა ის მწვანე პასპორტის უვადობას, ტიკარაძე პასუხობს, რომ არა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პირი, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მიიღებს „მწვანე“ სტატუსს, განურჩევლად იმისა, თუ როდის გადაიტანა და გასულია თუ არა 6-თვიანი პერიოდი ინფიცირებიდან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აძლევს ქვეყანა კოვიდპასპორტს ნებისმიერს, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაიტანა მან ინფექცია, ტიკარაძე პასუხობს:

„ვერ ვიტყვი მე იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც არიან მთავარი უწყებები და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ აქ არსებობს გარკვეული სხვა საფუძველიც –

ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ეტაპისთვის სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს მწვანე პასპორტი, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად, მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება და მე განვმარტე კიდეც ამასთან მიმართებაში, რომ განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს“, – განაცხადა ტიკარაძემ.


2021 წლის 29 ნოემბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR” მთავრობის გადაწყვეტილება „უვადო მწვანე სტატუსის“ შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ თქვა, რომ ბუნდოვანია რას ითხოვენ მოსარჩელეები და მათი მოთხოვნა იმდენად ზოგადია რომ სასამართლო მას ვერ დააკმაყოფილებს.