ტიკარაძე: ჩინეთიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჩინეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.

„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ეს ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართულები ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს საფრთხის გაჩენის რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით კი, საქართველომ შესაძლოა, ჩინეთიდან პირდაპირი ავიარეისები დროებით შეაჩეროს. თურნავას თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ნაკლები საფრთხის ზონაშია, თუმცა ფრენის შეჩერება ქვეყანას „უფრო მშვიდად ყოფნის“ საშუალებას მისცემს.

„ხორციელდება ჩინეთიდან მომავალი მგზავრების სკრინინგი. თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენის დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ“, – განაცხადა თურნავამ.

CNN-ის ინფორმაციით, ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში გამოვლინდა, 106 ადამიანი იმსხვერპლა. ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირების 4600-მდე შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 70-მდე ჩინეთს გარეთ დააფიქსირეს.