ტიკარაძე: გავაანალიზეთ და ვნახეთ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ლეტალობა მეტია

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრასა და ამ ჯგუფში საკომუნიკაციო კამპანიის ეფექტიანობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ლეტალობა მაღალია და მიზეზი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აუცრელობაა.

ეკა ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში გარდაცვლილი ადამიანების 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. ჟურნალისტის შეკითხვა, როგორ წარიმართა საკომუნიკაციო კამპანია და უფრო მეტი უნდა ემუშავა თუ არა სამინისტროს ამ სეგმენტთან, აცრაზე დამყოლობის გასაზრდელად, ტიკარაძემ უპასუხა, რომ „მარტში, როცა დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენი ვერტიკალი უნდა ყოფილიყო მყარი, რომ, მიუხედავად მაღალი რეზისტენტობისა, ინტენსიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.“

„ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, სწორად იყო თუ არა წარმართული საინფორმაციო კამპანია. ჩვენ გატარებული ღონისძიებები გავაანალიზეთ და უნდა ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც წარმართული იყო სხვადასხვა უწყების მიერ, იყო მასშტაბური.

თუმცა იკვეთებოდა ნეგატიური გზავნილები, რომელიც ვაქცინაციის პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენდა. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ გავიაზროთ, რომ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ იყოს ის მხარდაჭერილი და არ გვესმოდეს მხოლოდ კრიტიკა. ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არა მხოლოდ კრიტიკა.

21 იანვარს დავამტკიცეთ აცრის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ასაკობრივი ჯგუფისა და მეტი რისკის მქონე პირების აცრას, როცა წლის ბოლოს ეს გავაანალიზეთ, ვნახეთ, რომ სხვა ქვეყანაში ნაკლებია ლეტალობა და საქართველოში მეტია ლეტალობა. რატომ არის ყოველივე ეს ასე, მოსახლეობას აინტერესებს.

პანდემიის დაწყებიდან ვიცით, რომ 60 წლის ზემოთ მოსახლეობა გაცილებით მეტად ზიანდება კოვიდინფექციის შედეგად და ხდება 60 წელს ზემოთ მოსახლეობის ჰოსპიტალიზაცია, რაც იწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას. უნდა იყოს აცრილი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის 90%. ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში. გარდაცვლილებიდან 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. იმ ქვეყნებში, სადაც 60 წლის ზევით მოსახლეობის 90% აცრილია, ლეტალობა დაბალია. ქვეყნები, სადაც ამ სეგმენტში აცრილთა რაოდენობა 75%-ის ქვევით არის იქ მათი მაჩვენებელი ისეთივე ცუდია, როგორც საქართველოში.“ – განაცხადა ტიკარაძემ.