„ტიკარაძე მონა" – ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„ტიკარაძე მონა!”, – სხვადასხვა აქტივისტური მოძრაობის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მოთხოვით აქციას მართავენ.

მათ ეკატერინე ტიკარაძესთან შესახვედრად ჯანდაცვის სამინისტროში შესვლა  სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

აქტივისტები მოითხოვენ, ჯანდაცვის მინისტრმა ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები გადადგას ან თანამდებობა დატოვოს.

აქტივისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდის, მათ შორის, ახალგაზრდა პაციენტების დაღუპვის გამო მივიდნენ.

„ეს [ეკა ტიკარაძე] აუცილებლად უნდა გადავაყენოთ, თორემ ხალხი იხოცება, სასწრაფოებს ვერავინ ვეღარ მიჰყავთ; ააფეთქეს პანდემია. ავადმყოფი არის უამრავი. ეს არ უნდა დავუშვათ; აქაც გავშლით კარვებს, სანამ ეს არ გადადგება“, – განაცხადა აქტივისტმა მედიასთან.

„საავადმყოფოში მოხვედრა არის ნაცნობობით; თუ არ გყავს ვინმე ნაცნობი, საავადმყოფოში ვერ დაწვები, უნდა მოკვდე“, – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.

„საშვს გვთხოვენ; ადამიანები იხოცებიან და ესენი გვეუბნებიან, საშვი მოითხოვეთ და მერე შეგიშვებთო; მოთხოვნები გვაქვს მარტივი: ტიკარაძე, რომელმაც ვერ მართა პანდემია, უნდა გადადგეს; ტიკარაძე არის რიგითი სტომატოლოგი, მაგრამ არის ივანიშვილის ახლო მეგობარი და ამიტომ უნდა იყოს მინისტრი; 19 წლის ადამიანები იღუპებიან, პირველ ადგილზე ვართ მილიონ ადამიანზე გარდაცვლილების რაოდენობთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციის პარალელურად საპატრულო პოლიციაც მივიდა და სამინისტროს შესასვლელთან ცოცხალი კედელი აღმართა.