სოციალური აგენტები სამხრე კამერებით აღიჭურვებიან, რათა გამოირიცხოს სუბიექტური შეფასება – ტიკარაძე

პუბლიკა

„ჩვენი მიზანია, სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მოკლედ განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებული პროცედურა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ხელახალი გადამოწმებისას ოჯახის შესწავლას სჭირდება საშუალოდ 20 დღე. შესწავლიდან ერთ თვეში შედის ძალაში სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულა, ხოლო ახალი ქულის მინიჭების შემდეგ, საშუალოდ, 20 დღეში განახლდება დახმარება.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე საარსებო შემწეობა უწყვეტად დაირიცხება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს.

ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურადაც აისახოს. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.