„თუ მე-12 დღეს მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ის გადაგვყავს სტაციონარში, ექიმები იწყებენ შესაბამის მკურნალობას, იმ შემთხვევაში თუ მას მსგავსი დახმარება ესაჭიროება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სხდომის შემდეგ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შესაძლებელია გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც.
ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება პაციენტის მკურნალობა საკარანტინო პირობებში, ასევე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რა თქმა უნდა, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
„ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა გვაქვს დაწყებული მუშაობა, ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი, რომ მსგავსი ცვლილება განხორციელებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არაერთმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო და უკვე კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საკოორდინაციო საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა. ჩვენ უკვე გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას და ცვლილების შეტანისთანავე ეს ღონისძიება ამოქმედდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.