ტიკარაძის თქმით, მზად არის, საჯაროდ აიცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მზად არის, საჯაროდ აიცრას, მათ შორის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. მინისტრმა საჯაროდ აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე თქვენს ეთერში აქამდეც ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი არის, ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა და ჩინური ვაქცინა, რომელზეც ასევე არაერთი მითი არის, გადაწყვეტილი იყო, რომ მე ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით, თუმცა დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეს მიიღებს ის კამპანია. ვინაიდან ის, რაც იყო დაგეგმილი, შეიძლება, დღესდღეობით არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში და ასევე გარკვეული ფორმატიც შეიძლება იყოს შეცვლილი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას“, – განაცხადა მინისტრმა.


ახალციხეში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომლის მდგომარეობაც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ,  ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტს რეგულირების სააგენტო სწავლობს იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის.