ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მან თქვა, რომ ხვალიდან შეზღუდვები მოიხსნება კომენდანტის საათზე და უქმდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით საბჭოს ჯერ დადებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც გვაქვს. საქართველოში რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1, 36-ია, რაც ვერ გვაძლევს საფუძველს, რომ მთავრობას რეკომენდაცია მივცეთ გარკვეული შეზღუდვების მოხსნაზე, თუმცა ტრანსპორთან მიმართებაში მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი ტრანსპორტით შეეძლებათ გააადგილდნენ სამ მგზავრზე მეტის ოდენობით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ახლა მუშაობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტში წესების დადგენასთან დაკავშირებით და აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შემდეგაც მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებებს.
„როცა საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 3,3-ზე მეტი იყო, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო. ეფექტური მართვის შედეგად ეს კოეფიციენტი დავარდა და მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე იყო 1-ზე დაბალი, დაფიქსირდა 1, 36-იც. დღეს ეს კოეფიციენტი ფიქსირდება სწორედ იმ სოფლებში, რომელიც ჩაკეტილი დარჩება. საქართველოში ვირუსი ლოკალიზებულია და ამიტომ ქვეყნის მასშტაბით მოვხსენით საგანგებო მდგომარეობა“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე გარკვეული სტანდარტები შემდეგ კვირას უკვე მზად ექნება ჯანდაცვის სამინისტროს.
„თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ ჩვენ მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია დეტალური მუშაობის ჩატარება, რომ შემდეგში არ შეიქმნას რისკები და მთავრობა ისევ არ გახდეს იძულებული, დააწესოს საგანგებო მდგომარეობა“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
კითხვაზე – დაწესდება თუ არა ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი? – უპასუხა, რომ ლიმიტი შეიძლება დაწესდეს და ასევე აუცილებელი იქნება მძღოლის დაცვა.
„კი, ლიმიტი შეიძლება იყოს და ასევე მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვა“, – უპასუხა ტიკარაძემ.