„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას”. – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია.
TI-ის ცნობით, გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ განწესებულია უვადოდ.
„გოჩა ფუტკარაძის შვილი, „ქართული ოცნების“ შემწირველი, კობა ფუტკარაძე შპს „მონუმენტ პალასის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ასევე, შპს „ექსპერტიზის ცენტრის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „ლეგალ ედვაისის“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „რეალ პალასის (ს/კ 445394591)“, შპს „ახალი ერას“ და შპს „რეალ პალასის” (ს/კ 445499620) დირექტორი.
კობა ფუტკარაძემ, შპს „ახალი ერას“ მეწილეებმა, შპს „რეალ პალასს” (ს/კ 445394591) და მის მეწილეებმა ჯამში 486,000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას”, კერძოდ:
შპს „ახალი ერა“, ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, ნოდარ დუმბაძის ქუჩის #12-ში, 952 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებს 5,361 კვადრატული საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობას, საიდანაც 2,776 კვადრატული საცხოვრებელი ფართი იქნება, ხოლო 854 კვადრატული დაეთმობა კომერციულ/სავაჭრო ორგანიზაციებს.
ასევე, შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445394591), ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს.
შპს „რეალ პალასი” (ს/კ 445499620)“, ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს“, – ვკითხულობთ TI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.