TikTok-ზე გაიზარდა ოფიციალური და არაოფიციალური აქტორების ჩართულობა — ISFED-ის მონიტორინგი

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა” 27აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით სოციალური მედიის ანგარიში წარმოადგინა.

ეს ISFED-ის სოც. მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშია.

მონიტორინგი მოიცავს სოციალურ მედიაში საარჩევნო პერიოდში წარმოებულ კამპანიას და ასევე იმ ანონიმური კოორდინირებული არაავთენტური ქსელების გამოვლენას, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მიზნით სხვადასხვა ტაქტიკისა და სტრატეგიის გამოყენებით ოპერირებენ.

ორგანიზაცია მიუთიტებს, რომ ანონიმური კამპანიების ხშირი სამიზნეები, პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც არიან.

„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ახორციელებს, მათ შორის, ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და ტელეგრამზე.

ონლაინ პოლიტიკური კამპანიების საწარმოებელ მთავარ სივრცედ კომპანია Meta-ს კუთვნილი ფეისბუქი რჩება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ Meta საქართველოში საინფორმაციო მანიპულაციების შესაზღუდად აქტიურად მუშაობს და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

თუმცა, ბოლო წლებში ტიკტოკის როლი და აქტუალობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართულ კონტექსტში ტიკტოკი ნაკლებად რეგულირებულია, ამიტომ ანონიმური აქტორები უფრო მარტივად ავრცელებენ მანიპულირებულ ინფორმაციას.

საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება რუსული საინფორმაციო მანიპულაციები და საინფორმაციო ველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ქვეყნის გარედან ჩარევა. Meta-ს მიერ რუსეთიდან მართული ქსელის წაშლის შემდეგ, ქსელში შემავალი გვერდები კვლავ ცდილობენ ფეისბუქზე ანგარიშების აღდგენას.

„სამართლიანი არჩევნები“ მუდმივად აკვირდება სოციალურ მედიაში პოლიტიკური მიზნით ანონიმურად მოქმედი აქტორების საინფორმაციო კამპანიას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ივნის-ივლისში მიმოიხილა ფეისბუქზე მათი მიერ წარმოებული კამპანია.

ძირითადი მიგნებები:

  • პოლიტიკური პოლარიზაცია: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის პარალელურად, სოციალურ ქსელებში ანონიმურად მიმდინარე არაეთიკური კამპანია, რომელიც ძირითადად ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, ოფიციალურ ნარატივებში აისახა.
  • რუსული საინფორმაციო ოპერაციები: წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული საინფორმაციო ოპერაციების რაოდენობა.
  • Meta-ს ქმედებები: Meta-ს მიერ არაავთენტური კოორდინირებული ქსელების წაშლამ და ახალი პლატფორმების გამოჩენამ, განსაკუთრებით ტიკტოკის, საინფორმაციო კამპანიების გავრცელებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
  • ტიკტოკის გამოყენება: ტიკტოკზე განსაკუთრებით გაიზარდა როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური აქტორების ჩართულობა.

ოფიციალური საარჩევნო კამპანია სოციალურ მედიაში:

  • Facebook: აქტიური იყო 214 ფეისბუქ გვერდი, მათ შორის, ყველაზე აქტიური იყო „ხალხის ძალის“ გვერდი, ხოლო „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი გამოირჩეოდა მაღალი ინტერაქციებით.
  • Instagram: ინსტაგრამზე აქტივობა შედარებით ნაკლები იყო, თუმცა პოლიტიკური გაერთიანებები მაინც აღწევდნენ ინსტაგრამის აუდიტორიამდე რეკლამების გამოყენებით.
  • TikTok: ტიკტოკის 30 ოფიციალურ არხზე საანგარიშო პერიოდში 298 ვიდეო გამოქვეყნდა.

არაოფიციალური საარჩევნო კამპანია სოციალურ მედიაში:

  • ანონიმური გვერდები: ფეისბუქზე არაოფიციალურ კამპანიაში 76 გვერდი იყო ჩართული.
  • ანონიმური პროფილები: გვერდების მსგავსად მოქმედებდნენ ფეისბუქის პროფილებიც, რომლებიც ანალოგიურ გზავნილებს ავრცელებდნენ.
  • საჭირო რეგულაციები: ანონიმურ კამპანიებში კვლავ გამოწვევად რჩება დარეკლამებული პოსტების გაუმჭვირვალედ დეკლარირება.
  • TikTok-ის აქტივობა: ტიკტოკზე 98-მა ანგარიშმა 2 562 ვიდეო გამოაქვეყნა.

საჯარო მოსამსახურეების ჩართულობა:

  • საჯარო აგიტაცია: საანგარიშო პერიოდში 24 მუნიციპალიტეტში 51 საჯარო მოსამსახურე საარჩევნო აგიტაციაში ჩაერთო სამუშაო საათებში.

ფეისბუქზე მიმდინარე კამპანია რეგიონებში:

  • სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლი: სამცხე-ჯავახეთში აქტიური იყო რუსეთიდან მართული ფეისბუქ გვერდი, რომელიც ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებდა.

ანგარიში სრულად ნახეთ აქ.