„თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ სრულად დაიხურა და კარანტინშია მოქცეული, რადგან იქ მომუშავე 5 ექთანს, 2 ექიმსა და 2 პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
კლინიკის დირექტორი, გიორგი კაჭახიძე აცხადებს, რომ პაციენტების ნაწილი კარანტინში გადამისამართდა, ნაწილი კი სხვადასხვა კლინიკაში განაწილდა.
„ჩვენს კლინიკაში ვირუსი გავრცელდა ერთ-ერთი მედიკოსისგან, რომელიც არის ჩვენი ექთანი და რომლის ძმასაც აღმოაჩნდა ვირუსი, რომელიც არის სასულიერო პირი“, – აცხადებს კაჭახიძე.
საუბარია კორონავირუსით ინფიცირებულ სასულიერო პირზე, რომელიც ვერაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს. ინტერვიუში, რომელიც მან „ტელეკომპანია პირველს” მისცა, სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ ის დასთან სტუმრობის დროს საავადმყოფოში დაინფიცირდა.
„იქ ხალხმრავლობა იყო, ხალხი შედიოდა-გამოდიოდა და შესაძლებელია, იქ დავინფიცირდი. იქ ვიყავი საავადმყოფოში და ხალხი იყო“, – განაცხადა მოძღვარმა.
სასულიერო პირი, მისი და და დისშვილი ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან მოთავსებულები. კლინიკის წარმომადგენლის თქმით, მღვდლის და მისი დის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.