თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ „ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას რეპლიკას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგადაც სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

პლენარული სხდომიდან გამოსულმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი შესაბამის რეაგირებას მოითხოვს და სხდომის თავმჯდომარეს გიორგის ვოლსკის მიმართავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები რუსული „ოცნების“ კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე.

დღეს ამგვარ თავდამსხმელად მოგვევლინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ლევან მგალობლიშვილი, რომლის მხრიდანაც არასდროს გაგვიგია არანაირი პოზიცია საპარლამენტო დებატების დროს საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ დღეს გავიგეთ, რომ ძალიან კარგად სცოდნია ამ ადამიანს უხამსი, ამორალური, პესონალური თავდასხმის, კერძოდ, გინების გამოყენება საპარლამენტო სხდომათა დარბაზში.

ჩვენ მოვითხოივთ, პირველ რიგში დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ამ დეპუტატს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს – ის არღვევს რეგლამენტს და კანონმდებლობას,  ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პლენარულ დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს კოლეგა დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შესახებ მივმართავთ სხდომის თავმჯდომარეს, გია ვოლსკის, – თქვა თინა ბოკუჩავამ.

მასთან ერთად ბრიფინგზე პარტიის კიდევ ერთ დეპუტატი ანი წითლიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, სხდომათა დარბაზში იყო მცდელობა, „ოცნების“ დეპუტატის მხრიდან, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიეყენებინა მათთვის.