თინა ბოკუჩავა ხსნის, რატომ დატოვა ენმ-მ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმა"

პუბლიკა

ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თქვა, რატომ დატოვა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს „წინააღმდეგობის პლატფორმა”.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ 31 მარტის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილს სიახლე არ უთქვამს.

მისივე განცხადებით, უკმაყოფილება არსებობდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ზურაბიშვილმა არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი.

„31 მარტის აქციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ამ თარიღის ისტორიულობიდან გამომდინარე, იმ განაცხადის შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოვისმინეთ და რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით.

ყველაზე დიდი დისტანცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა, რომელმაც სცადა, შეემაგრებინა საქართველოში ევროპის დროშა, როდესაც მას რუსები გვართმევენ, არ შეიწყალა სხვა პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ექსკლუზიური უფლება, რომელსაც ვერ შეეცილებოდა და ვერ შეედავებოდა ვერავინ“. – თქვა თინა ბოკუჩავამ.

შეკითხვაზე, თუკი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმის ფარგლებში განცხადებას გააკეთებს, იქნება თუ არა ამ განცხადებაში ნაგულისხმევი „ნაციონალური მოძრაობაც“, ბოკუჩავა ასე პასუხობს – „არა, რადგან ჩვენ იქ არ ვდგავართ“.

„წინააღმდეგობის პლატფორმა” სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომელიც, მისივე თქმით, „ღიაა ყველა ევროპული პარტიისთვის” და გულისხმობს პარტიების კოორდინაციას მწვავე პოლიტიკური ვითარების ირგვლივ.