„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამ თემაზე მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტთან შეხვედრამდე. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. 21:00 საათზე ის განცხადებას გააკეთებს.
„ჩვენ გახსოვთ ვიყავით პირველი ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დაკავშირებით რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ დღეს თქვა, უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.