რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერები და პროპაგანდისტები დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორისაა თინა კანდელაკიც.
ქართული წარმოშობის რუსმა პროპაგანდისტმა სამადლობელ სიტყვაში თქვა, რომ საქართველოში ბოლოს 5 წლის წინ იყო – ამ ვიზიტის დროს შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც პუტინთან დააბარა, რომ „მისთვის ლოცულობს“.
„მითხრა, რომ „გადაეცი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ”. გავიდა 5 წელი და ეს შესაძლებლობა არ მომეცა. დღეს მაქვს… ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ჯანმრთელობა თქვენ და ჩვენ ყველას, რადგან თუ მთელ მსოფლიოში მორწმუნე ხალხი, რომლებსაც მშვიდობა სურთ, თქვენთვის ლოცულობენ, ნიშნავს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა იქნება“. – თქვა კანდელაკმა.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძეს. მან თქვა, რომ კანდელაკის განცხადებას არაპირდაპირ უპასუხებს:
„დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს ქართული მიწები და პატრიარქმა 2013 წელს მოსკოვში ყოფნისას, რუსეთის პატრიარქ კირილეს და რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით თქვა სიტყვა, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ განაცხადა, რომ: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სისხლმდინარე ჭრილობაა საქართველისთვის. სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და ძირძველი ქართული მიწები უნდა დაუბრუნდეს საქართველოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსწორება“. – გვითხრა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.