თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია - სახალხო დამცველი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს ეხმიანება

პუბლიკა

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება.

„სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები.

მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია”. – წერს ლევან იოსელიანი.


აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგო იყო.

მშობლებმა წუხელ ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაატარეს და ამბობენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეჩერებას, სანამ სახელმწიფო არ დათანხმდება მათი შვილებისთვის სასიცოცხლო მედიკამენტის დაფინანსებას.

მშობლები ქვეყანაში მედიკამენტ „ვიზორიტიდის“ შემოტანას მოითხოვენ და სახელმწიფოს ამის დაფინანსებას სთხოვენ. მათი თქმით, ეს ახალი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლების თქმით, მედიკამენტის მიღება ეფექტურია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამიტომ როგორც ამბობენ, სახელმწიფოსგან საჭიროა დროული რეაგირება.

დღეს გამართულ აქციაზე მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი კანცელარიის შესასვლელთან იდგებიან და პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება.