შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, 1-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეიდან სოფელ რუხში ენგურის ხიდი გაიხსნა. ენგურის ხიდზე მოწყობილი ე.წ. გადასასვლელით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობდნენ.
„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე.
რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ“, – თქვა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით შემცირდება კარანტინის ვადაც, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის იყო დაწესებული საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში.
თეა ახვლედიანის თქმით, 12-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელები კარანტინში 5 დღეს გაატარებენ და კორონავირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შეთხვევაში დატოვებენ საკარანტინე სივრცეს.
„ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ადგილზე, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის შექმნილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, რომ შეფასებულ იქნას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად მოხდეს მათი ტრანსპორტირება შესაბამის დაწესებულებებში“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.