„თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, წარმოუდგენელი ტყუილია“ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, მძიმე სპეკულაციაა, რომ შოვში „დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა“.

„ვისაც უნახავს სტიქიის ლოკაცია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი ერთი მარტივი მიზეზის გამო – იყო მყისიერი სტიქია, ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, ვინც, სამწუხაროდ, მოჰყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ვრცელდებოდა ფოტოები იმ ადამიანების, რომლებიც ღვარცოფს გადაურჩნენ, თუმცა ისინი იდგნენ „ღვარცოფული მასის კიდეში, სადაც, შესაძლებელია, მასის სიმაღლე იყო 20 სანტიმეტრი ან ნახევარი მეტრი“.

„თეორიულად, ერთადერთი შანსი იყო გადარჩენის, ვინც ტყისკენ მოახერხა გაქცევა და ფსიქოლოგიური სტრესის გამო უკან ვეღარ დაბრუნდა, ესაა ერთადერთი შანსი, როცა დღეს, თეორიულად, ადამიანი შეიძლება აღმოაჩინო“, – თქვა მან.

კობახიძისვე თქმით, „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. ის იმეორებს, რომ სტიქია იყო მყისიერი და ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ სტიქიას გადარჩენილი ჯელაძეების ოჯახი იხსენებს, რომ ორი საათი იბრძოდა თავის გადასარჩენად, „ოცნების“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს ოჯახი ღვარცოფის მასის კიდეში მოხვდა, სადაც მასის სიმაღლე დაბალი იყო.

„ეს იყო კიდე, სადაც მასის სიმაღლე აღწევდა, მაქსიმუმ, ნახევარ მეტრს. საუბარია ღვარცოფულ მასაზე, ვისაც მისწვდა მასა, გადარჩენა იყო შეუძლებელი. კიდეებში ადამიანებს ჰქონდათ გამოსვლის საშუალება და ეს მოხდა კიდეც ასე. რაც შეეხება თვითონ ღვარცოფული მასის თემას, რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს ადამიანმა? აქ საუბარია წუთებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტმა კობახიძეს დავით ჯელაძის ფოტო აჩვენა, რომელზეც მონიშნულია ის გზა ერთი ნაპირიდან მეორემდე, რომელიც მან და მისმა დისშვილმა გაიარეს სტიქიის დროს.

ფოტო: დავით ჯელაძე/FB

„ეგ არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება. არ ვიცი, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხა [გადარჩენა]. მეორე დღეს ვიყავით მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო შეუძლებელი, ამიტომ გადასამოწმებელია, მე ვერ გეტყვით ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდეებში მასის სიმაღლე იყო დაბალი, იქიდან გამოსვლა იყო შესაძლებელი“.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადების შესახებ კობახიძე ამბობს, რომ ვერტმფრენების შესახებ მისი განცხადება არ მოუსმენია, მაგრამ ღამის ხედვის აპარატურით დრონები იყო აღჭურვილი და თუ რამის პოვნა იყო შესაძლებელი, სამაშველო სამსახურს ყველაფრის რესურსი ჰქონდა.

„როცა საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვით, აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც პროჟექტორებზე, არის სპეციალური აპარატურა, რომელიც იძლევა ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას. ეს არის და ეს. იმავეს გაკეთება შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავისი ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია როდის, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის გამოყვანა ლოკაციიდან. ტერიტორია იყო სრულად დათვალიერებული, დრონების საშუალებით ყველა ოპერაცია იყო შესაძლებელი, ვერტმფრენის ჩართულობას არ ჰქონდა დამატებითი საფუძველი – ეს განმარტა შს მინისტრმა“, – თქვა მან.