თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია ევროპარლამენტში, ვინც „ნაციონალების“ დღის წესრიგს გაგებით ეკიდება | ხელაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ ნდობის ფაქტორი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამოწურული აქვს.

„ევროპარლამენტარებთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა ერთი რამ, როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობის ფაქტორი ამოწურული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები რჩებიან, მათ შორის ევროპარლამენტში, ვინც მათ დღის წესრიგს ჯერ კიდევ გაგებით ეკიდება.

ჩვენი აზრით, რაც დავინახეთ პარტნიორებთან მუშაობით, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობს რესურსი იმისა, რომ დაიწყოს ახალი დიალოგი, მაგრამ საუბედუროდ, როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობა“ ამ დიალოგის ნაწილად უკვე სტრასბურგსა და ევროპაში არ მოიაზრება. ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი შეიძლება წარიმართოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. მაგრამ „ნაცმოძრაობას“ ამის რესურსი არ გააჩნია. ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ საქართველო გადავიდეს პოზიტიურ დღის წესრიგზე, მაგრამ, საუბედუროდ, პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა „ნაცმოძრაობასთან“აღარ გამოდის“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

შეხვედრების შემდეგ მედიისთვის კომენტარი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრებისას საუბარი შეეხო ყველა მიმდინარე თემას.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რომელიც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც – მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე, ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ყველა ჩვენი მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში და ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას.