ტოკიოს მეტროში „ჯოკერის“ მსგავს ფორმაში გამოწყობილი პირის თავდასხმისას 17 ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

ტოკიოს მეტროში 24 წლის პირი დანით მოქალაქეებს დაესხა თავს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელმა მეტროს ვაგონში მოულოდნელად უფერული სითხე დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, აალებულ ვაგონში კი დანით დაესხა თავს მოქალაქეებს.

BBC-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ადგილობრივ გაზეთთან ჰყვებიან, რომ თავდამსხმელს მწვანე პერანგი და იისფერი პიჯაკი ეცვა, როგორც კომიქსების პერსონაჟ „ჯოკერს“,  თავდასხმა კი თავდაპირველად ჰელოუინისთვის მოწყობილი შოუ ეგონათ.

„თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ჰელოუინისთვის მოწყობილი ოხუნჯობა იყო, შემდეგ კი დავინახე, როგორ მოდიოდა ის კაცი და თან გრძელ დანას იქნევდა“, – ჰყვებოდა ერთ-ერთი მოქალაქე ადგილობრივ გაზეთთან.

 

თავდასხმა ტოკიოს გარეუბანში გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა და ბოლო ინფორმაციით, 17 ადამიანი დაშავდა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ტოვებენ მატარებელს ფანჯრებიდან გამოქცეული მოქალაქეები. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს თავდამსხმელიც, რომელიც ვაგონში ზის. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

BBC ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსმხელმა პოლიციას უთხრა, რომ „ჯოკერი“ მისი საყვარელი პერსონაჟია.

მას 2019 წელს ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გამოსული ფილმის „ჯოკერის“ პერსონაჟის მსგავსი ფორმა ეცვა. ფილმის პერსონაჟიც ერთ-ერთ სცენაში მოქალაქეებს თავს მეტროს ვაგონში ესხმის, მას შემდეგ რაც დასცინეს და დაჩაგრეს.

„ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ დაშავებულთაგან 3 მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია. ერთ-ერთი დაჭრილი ხანშიშესული მოქალაქე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.