თოლორაია: პროკურატურიდან დამირეკეს და გამოკითხვაზე დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ

პუბლიკა

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სპიკერი, ლონდა თოლორაია წერს, რომ დღეს, 4 ნოემბერს პროკურატურიდან დაურეკეს და სთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა. საქმე ეხება ცენრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.

მისი თქმით, პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ აპირებს.

თოლორაია წერს, რომ თუ პროკურატურისთვის რეალურად მნიშვნელოვანია მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, სასამართლოში გამოცხადდება.

„წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:

  • პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ფაქტებზე;
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;
  • ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.

ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.

დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე. პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა – ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – წერს ლონდა თოლორაია.

პროკურატურის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყეს საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, თუმცა  ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. გამოკითხვაზე დაიბარეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილიც, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლას არც ის აპირებს.