სახელმწიფო ინსპექტორმა, სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. ლონდა თოლორაიას განცხადებით, კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა კონსპირაციულად და მასში მონაწილეობა არ მიუღია ინსპექტორის სამსახურს.
„ვერ ვიფიქრებდი, რომ სამსახურის წარმატებული საქმიანობის ორი წლის თავზე მე მომიწევდა თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვართ. 25 დეკემბერს ჩემთვის და თითოეული თანამშრომლისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.
კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტის პერიოდს.
რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვართ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესების დასაცავად.” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მან მიმართა პარლამენტს შეწყვიტოს სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების პროცესი.
„ასევე ვთხოვ საერთაშორისო საზოგადოებას, სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს და საზოგადოების თითოეულ წევრს, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ჩაერთონ პროცესში.“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ლონდა თოლოარიას თქმით, ცვლილებების პროექტში პირდაპირ მითითებულია, რომ 1 მარტიდან წყდება შრომითი ხელშეკრულება სამსახურის ყველა თანამშრომელთან.