დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის” მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის თაობაზე დასმულ კითხვას.
მისივე ინფორმაციით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.
„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. ამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.
რაც შეეხება „მწვანე სკოლის” მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.