თოლორაია სააკაშვილის საქმეზე: პრეცედენტი შუალედური გადაწყვეტილების გამოქვეყნების არსებობს

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. თოლორაიას გადაცემის წამყვანმა შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაზე დაუსვა.

„თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ ვადა, მანდატის ამოწურვამდე, მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებებისთვის, სააკაშვილის საქმესთან მიმართებით. შუალედური დასკვნის მოსწრება მაინც თუ შეიძლება, სწორედ იმიტომ, რომ რეალურად ამ საქმის გამო აუქმებენ ამ სამსახურს.“ – ჰკითხა ნიკა გვარამიამ თოლორაიას.

ლონდა თოლორაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში 100-მდე მოწმე გამოიკითხა და ამდენივე სხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი.

„ჩვენს ინტერესშია, რომ ამ საქმის გამოძიების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ ანგარიშვალდებულებად ვუდგებით სისხლის სამართლის ყველა  საქმეს. ამ საქმეზეც საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ჩვენს ინტერესშიცაა, რომ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს, რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა.

ჩვენ კოორდინაცია გვაქვს ადვოკატებთან და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობაზე. გამოძიება ყოველდღიურ რეჟიმში მიდის. არ არსებობს დღე, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედება არ ტარდებოდეს. შემჭიდროებულ ვადებში ვატარებთ გამოძიებას. 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული უკვე და ამდენივე სხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი.

პრეცედენტი შუალედური გადაწყვეტილების გამოქვეყნების არსებობს, როცა საგამოძიებო ორგანო არ ელოდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც აწ უკვე პროკურატურის კომპეტენციაა, როგორც იცით. გამიჭირდება, დღეს გითხრათ კონკრეტული ვადა, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ, თუ ეს შესაძლებელი იქნება, 1 მარტამდე ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

27 დეკემბერს სააკაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას და ლონდა თოლორაიას უწყებას მოუწოდა, მოასწროს და გამოაქვეყნოს წინასწარი დასკვნა მის საქმეზე. სააკაშვილის თქმით, რეჟიმს ეშინია ინსპექტორის დასკვნის იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მის შემთხვევაში ადგილი წამებას.

„სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას. მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ, რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე „არაძალადობრივი“ მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ”,

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს 27 დეკემბერს დარეგისტრირდა პარლამენტში. 28 დეკემბერს პარლამენტმა სამ სხვადასხვა კომიტეტზე ცვლილებების განხილვა და დამტკიცება მოასწრო.