ერთ თვეზე მეტია, ოჯახი თორნიკე დალაქიშვილს ეძებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცი 25 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ მის კვალს ვერც ოჯახი და ვერც პოლიცია ვერ პოულობს.
თორნიკე დალაქიშვილის დამ, თეკლა დალაქიშვილმა დაწერა, რომ თორნიკე 25 აპრილს ნინოწმინდის ტერიტორიაზე, ფარავნის ტბასთან ტყეში შევიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა.
მისი ინფორმაციით, თორნიკე წალკაში მუშაობდა. ტყეში ნაპოვნია მისი ნივთები, თუმცა თორნიკე ვერ იპოვეს ვერც ტყეში და ვერც გარშემო წყალსაცავებში.
თეკლა დალაქიშვილის ინფორმაციით, დაკარგული კაცის კვალმა სამართალდამცველების ძაღლი მიმდებარე სოფლის გაჩერებამდე მიიყვანა, რის შემდეგაც კვალი ქრება. თორნიკე დალაქიშვილის და ამბობს, რომ პოლიციას დამალვის ვერსია აქვს, რადგან სახლიდან წაღებული აქვს ლეპტოპი, კინდლი და დაკარგულია რამდენიმე მაისური.
„პუბლიკა“ თეკლა დალაქიშვილის პოსტს მისი ნებართვით გთავაზობთ.
„25 აპრილს ნინოწმინდის ტერიტორიაზე ფარავნის ტბასთან ტყეში შევიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა თორნიკე. იქ რა უნდოდა? წალკაში მუშაობდა, ობიექტი ჰქონდა აღებული. ნაპოვნია ტყეში მისი ნივთები, გადაურეს ტყეს ძაღლებმა, მაშველებმა და იქ არ არის. ასევე შემოწმდა გარშემო წყალსაცავები მყვინთავების მიერ.
ძაღლმა კვალი აიღო და ჩავიდა მიმდებარე სოფელში ავტობუსების გაჩერებაზე. გაჩერებაზე არ არის კამერები. იქიდან შეიძლება წასულიყო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, ამიტომ არ ვიცით კონკრეტულად სად ვეძებოთ. […]
აქციებზე დადიოდა დაკარგვამდე წინა კვირას, დაკარგვის კვირაში ვერ, მუშაობდა ამიტომ დარწმუნებით ვიცით რომ არაა აქციიდან აყვანილი.
არ თამაშობდა, არ ჰქონია ვალი, არ ყოლია მტერი, არ ჰქონია არავისთან არანაირი კონფლიქტი.
ბოლოს ველაპარეკე კვირას გაუჩინარებამდე და იყო ძალიან დეპრესიულ განწყობაზე. იმედგაცრუებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით და იყო ძალიან დაღლილი.
საზღვარი არ გადაუკვეთავს ოფიციალურად, ეგ ვიცით. არაოფიციალურზე რა გითხრათ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტები დატოვებულია სახლში“, – წერს ის.
თეკლა დალაქიშვილის თქმით, თავდაპირველად ძმის დაკარგვაზე ინფორმაციას სამართალდამცველების თხოვნით არ ავრცელებდნენ.
„9 მაისს დაიდო პირველად პოსტი, მანამდე გამომძიებლებმა არ გვირჩიეს, დიდი ალბათობით თვითონ იმალება და უარესად არ გააღიზიანოთო. როდესაც გამოძიებისგან ვერაფერი ხელსაჩაჭიდი ვერ ვნახეთ შემდეგ დავდეთ და გაზიარდა ყველგან, ვპოსტეთ დღეების განმავლობაში და შედეგი ნული.
ვიარეთ წალკის გარემოცვაში, დავტოვეთ ფოტოები სასტუმროებში, ჰოსტელებში. ვწერეთ დღეების განმავლობაში ტელევიზიებს რომ ეს ამბავი გაეშუქებინათ. არავინ არაფერი არ იცის, არავინ არ შემოგვხმიანებია ხელჩასაჭიდი ინფორმაციებით. ვისაც გამოგრჩათ და გიკვირთ ალბათ ქვეყანაში საგიჟეთის გამო არ გამოჩნდა ეს ამბავი თქვენს ნიუს ფიდზე.
ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ვინმეს არ მისწვდა ეს ამბავი გარშემო რადგან ვინც კი გვხვდება ყველამ იცის, ყველა გვწერს და კითხულობს.
ვერიდებით ზოგიერთ ტელევიზიაში გაშუქებასაც, მყავს 83 წლის ბებო გულის პრობლემებით რომელსაც ეს ამბავი არ იცის და თუ გაიგო ადგილზევე მოკლავს“, – დაწერა მან.
აქვე, თეკლა დალაქიშვილი საზოგადოებას სთხოვს, ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მას დაუკავშირდნენ.
„გარშემო ხალხი გვეუბნება (ვარაუდობენ მეგობრები სიტუაციიდან გამომდინარე, ვარაუდია ეს მხოლოდ!) განმარტოებულია და ყველაფერს ხედავს და ყველაფერს კითხულობსო. თოკა, თუ მასეა და ამას კითხულობ მიყვარხარ და მენატრები. მე შენს გვერდით ვარ.
ტელეფონზე – არ ვიცით თან აქვს თუ არა ტელეფონი, ჯეოსელისგან ამოღებული ინფორმაფიით ტელეფონისგან ბოლოს მიიღეს სიგნალი 24 აპრილს, დაკარგვის წინა დღეს.
არის ვერსია რომ განმარტოებულია მონსატერში, აქტიურად დავდივართ და ვრეკავთ სხვადასხვა მონსატრებში მისი ამბავის მოსაკითხად. გთხოვთ თუ მონასტერში მოგიწიათ გავლა ამ დღეების განმავლობაში გაამახვილეთ ყურადღება, იქნებ სადმე დაინახოთ“, – დაწერა მან.
პოსტის კომენტარებში მან კიდევ ერთხელ სცადა, საზოგადოების შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა:
„1. არ აქვს არანაირი დანაშაული ჩადენილი რის გამოც შეიძლება წასულიყო, არ ემალება სამართალდამცავებს, არ აქვს არანაირი მიზეზი დამალვის( არც ვალი, არც პრობლემა, არც მტერი,არც არაფერი) კანონმორჩილი მოქალაქეა თორნიკე.
2. იყო დეპრესიულ განწყობებზე, წაღებულია სახლიდან ნივთები ამიტომ ვარაუდობთ და ვიმედოვნებთ რომ არის განმარტოებული და ოჯახისგან „დამალული”.
3. მიწერია რომ გარშემო ხალხი გვეუბნება რომ დამალულია და გამოჩნდება. ეს არის მოხლოდ და მხოლოდ მისი მეგობრების ვარაუდი სიტუაციიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე რაც ახლა გვაქვს.
4. გამოძიება არის ჩართული დაკარგვიდან 24 საათის შემდეგ და არიან ყოველდღიურ კონტაქტზე.“, – წერს თეკლა დალაქიშვილი.