თორნიკე მამალაძე: დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია

პუბლიკა

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია!” – ამის შესახებ დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიას განუცხადა, რომ გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფება.

„დარწმუნებული ვარ პრეზიდენტის შეწყალება არ არის. უცნობია, რის საფუძველზეა გათავისუფლებული. დეტალები არ ვიცი. შემიძლია ვთქვა, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში, პასუხი მოგვივიდა, რომ 3-თვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ. 19 თებერვალს უნდა გასულიყო 3 თვე. დღეს მირეკავს ჩემი ძმა, რომ გათავისუფლებულია. დეტალები არ ვიცი“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ „ტვ პირველთან“.

„პუბლიკა” გიორგი მამალაძის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტი გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით ჯერ არ ჩაჰბარებია, მაგრამ მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ საპატიმრო უდო-ს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.