თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

დაკავებულ აქტივისტებს, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავება. თოშხუა და შერვაშიძე 31 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. აქტივისტები ამბობენ, რომ ამ დღეს ბექა გოცირძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, პროვოკაცია მოაწყო, ის შეურაცხყოფას აყენებდეა რუსთაველზე შეკრებილებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ გოცირიძეს ჯიბიდან დანა გადმოუვარდა, რომელიც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იპოვა და პოლიციას გადასცა.

ამ საკითხზე პროცესზე ისაუბრა თორნიკე თოშხუამაც. მან თქვა, რომ გოცირიძეს ჰქონდა დანა და იგინებოდა აქციის მონაწილეთა მისამართით. ბრალდებულმა თქვა, რომ გამოძიებას ეს გარემოებები უნდა გამოეკვლია პირველივე ეტაპზე, რათა სასამართლოს სწორი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით შეჰქმნოდა წარმოდგენა. თოშხუამ ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის ან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს.

„მე ვმონაწილეობ რუსთაველზე შეკრება-მანიფესტაციებში, სადაც ვდგავარ იმიტომ, რომ ჩემთვის ევროპული ღირებულებები, დემოკრატია და თავისუფლება ჰაერში გასროლილი სიტყვები არ არის. ეიფელის კოშკს ნული ესთეტიკური ღირებულება აქვს ჩემთვის. მე მინდა დემოკრატია, ის სტანდარტი და ღირებულებები მქონდეს ჩემს ქვეყანაში, რაც ევროპაშია. ევროპული დემოკრატია და სტანდარტები რომ გვქონდეს, მე არც თავის დაცვა დამჭირდებოდა და არც იმის მტკიცება, რომ ვინმეს რამე დავუშავე, მათ შორის, ჯგუფურად“, – თქვა მან.

პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე უარყო აღნიშნული ინფორმაცია. ნინო ჟვანიამ თქვა, რომ ბექა გოცირიძეს დანა არ ჰქონია:

„დაზარალებულს დანა არ ჰქონია. მათ [დაცვის მხარემ] შეიძლება, განსხვავებული პოზიციები დააფიქსირონ, მაგრამ ობიექტურ ჭეშმარიტებას საქმეზე ადასტურებს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები… არც ერთ [112-ის სამეთვალყურეო კამერების] ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება ისეთი ფაქტი, რომ თითქოს ბექა გოცირიძეს ჯიბიდან ამოუვარდა დანა ან დანით იმუქრებოდა, ეს არ შეესაბამება საქმის მასალებს და რეალობას“.

წინასასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.