თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე დღეს, 13 მარტს დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხა. მათ 31 ივლისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი გაიხსენეს.
ერთ-ერთი მათგანი იყო გაიოზ კალანდაძე. მან პროცესზე აღნიშნა, რომ ცდილობდა ვითარების დაშოშმინებას, რა დროსაც ბექა გორიციძემ მას სახეში ხელი გაარტყა.
„…ნელ-ნელა მივუახლოვდით, რომ გაგვეგო რა ხდებოდა, როდესაც მოტრიალდა ეს პიროვნება, თორნიკეს მკერდით და მუცლით დაეჯახა. შემდეგ მოსცილდნენ ერთმანეთს, მე თორნიკე გვერდზე გავწიე, რომ რაიმე არ მომხდარიყო, ეს პიროვნება ცოტა უკან იყო და ხელი გავშალე, რომ არავის არ დაერტყა მისთვის და ამ დროს მან მე სახეში გამარტყა, მარჯვენა ხელი მარცხენა ლოყაში დაახლოებით, გაშლილი მუშტით/ხელის გული. შემდეგ დაიწყო ჩხუბი… რამდენიმე ადამიანმა ბექა გოცირიძეს ცოტა მოარტყეს, ჩხუბი დაიწყო, უკან დაიხია, მერე გაიქცა თბილისი მერიოტის მიმართულებით, შემდეგ კი, როგორც ვიცი, წაიქცა…”, – განაცხადა მან.
2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
დაცვის მხარის პოზიციით, კონფლიქტი პროვოცირებული იყო ბექა გოცირიძის მხრიდან. ფიზიკური შეხება კი, ერთმანეთის მიმართ, ორივე მხრიდან მოხდა.
დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულების მხრიდან იმ ინტენსივობის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი შეიძლება გახდეს. დაცვის მხარის თქმით, აღნიშნული ასევე დაადასტურა დაზარალებულმა ბექა გოცირიძემ.