თოთლაძე: რეალურად არ არსებობს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლება შეჩერდეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის თქმით, „რეალურად არ არსებობს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლება შეჩერდეს“, ვინაიდან ევროკავშირს არ მიუღია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.

თოთლაძემ განცხადება 26 იანვარს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში (2021-2025) განიხილეს.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს, ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთება გამოთქვეს და საქართველოს რეკომენდაცებით მიმართეს.

რეკომენდაციების დიდი ნაწილი დაპატიმრებული დემონსტრანტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტის გათავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას და და რეპრესიული კანონების გაუქმებას მოიცავდა.

ხათუნა თოთლაძემ თქვა:

„გამოითქვა შეშფოთება საქართველოს ევროპული გზიდან შესაძლო გადახვევის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირში გაწევრება რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად, რაც განმტკიცებულია შესაბამისი კონსტიტუციური დებულებებით.

შესაბამისად, მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობამ რამენაირად შეაჩერა მოლაპარაკებები ან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად არაზუსტია. ევროკავშირს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. შესაბამისად, რეალურად არ არსებობს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლება შეჩერდეს“. – თქვა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიანიჭა.

თითქმის ერთი წლის თავზე, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს „2028 წლამდე“.

მის ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მშვიდობიან დემონსტრაციებს „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური დანიშნულების რაზმები, წყლის ჭავლი და გაზი დაუპირისპირა. დააპატიმრეს ათობით დემონსტრანტი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ასობით ადამიანს.