ტოვებს თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში”, – ამის შესახებ ენმ-ის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ „TV პირველის” ეთერში, გადაცემა „რეაქციაში” ისაუბრა.
მისი თქმით, სანამ ხედავს თუნდაც მცირეოდენ/თეორიულ შანსს, რომ პარტია ფასეულობების მხრივ გადარჩეს, ბუნებრივია იქნება იქ, სადაც ხედავს, რომ „პარტია არის ინსტრუმენტი, რომ იდეები განახორციელო”.
„ეს პარტია ჩვენთვის იქცა იმ ორგანიზაციად, სადაც უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დრო გავატარე და შეგნებული არჩევანი გავაკეთე.
ამიტომ, როდესაც საუბარია პარტიის დატოვებაზე… პარტია თუკი ვინმემ ახლა დატოვა, დატოვა ფასეულობებისა და ღირებულებების თვალსაზრისით ბევრმა ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლმა, რომლებიც აქ მოვლენ „ნაციონალური მოძრაობის” სახელით და ისაუბრებენ სხვა ეთერებშიც.
პარტია არის იდეური ერთობა და როდესაც შენ შორდები ამ იდეურ ერთობას, ფასეულობებითა და ღირებულებებით. ჩემი აზრით, შენ ტოვებ პარტიას. მათ შორის [ახალი მენეჯმენტის] დიდ ნაწილს ეხება ეს…
მე პარტიაში ვიქნები, თუ პარტია იქნება დემოკრატიული მმართველობის ქვეშ. მე პარტიაში ვიქნები, თუ ის იქნება დაფუძნებული ღირებულებებსა და ფასეულობებზე, დიახაც, აუცილებლად ვიქნები, რადგან ამ პარტიისთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს გაკეთებული…
მე გამიგია ქვეყნის პატრიოტიზმი, მაგრამ არ გამიგია პარტიული პატრიოტიზმი. მე გამიგია ერთგულება პარტიული, პატივისცემა, კოლეგებისადმი, პარტიის წევრებისადმი და მგონია, რომ ამაში არ შემშლია ამ წლების განმავლობაში.
ამიტომ, მე სანამ ვხედავ თუნდაც მცირეოდენ შანსს, თუნდაც თეორიულ შანსს, რომ ეს პარტია გადარჩეს, გადარჩეს ფასეულობების მხრივ, ღირებულებების მხრივ, არ განიძარცვოს ამ ყველაფრისგან, ისევე გადარჩეს, როგორც გადარჩა წლების წინ… ბუნებრივია მე ვიქნები იქ, სადაც ვხედავ, რომ პარტია არის ინსტრუმენტი, რომ შენი შეხედულებები, მოსაზრებები და იდეები განახორციელო, რომელიც სწორი და მართალია”, – განაცხადა მელიამ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე: ამბობთ, რომ არ არის პარტია დემოკრატიული მმართველობის ქვეშ, – მელია პასუხობს:
„ვეცდები, რომ დავამარცხო ეს მანკიერება. ბრძოლით… პარტია რა არის? – ცარიელი კედელი და ოფისი ხომ არ არის; პარტია არის ამომრჩეველი და მხარდამჭერი…
მე რომ გამეგდო ლევან ვარშალომიძე, ოფისს არ გახსნიდნენ? თანამოაზრეებთან შეკრების ადგილი არ დასჭირდებოდათ?… ერთი სული ჰქონდათ კეზერაშვილ-მერაბიშვილს ქუდი დამეხურა და გავსულიყავი და გაუგებრობაში დამეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის” ათიათასობით ამომრჩეველი და ეს ბედნიერება მათ არ მივანიჭე..
მე ვადასტურებ, რომ თუ მთელი რიგი ეს მანკიერებები არ აღმოიფხვრა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ უნდათ და ვისაც ივანიშვილის დამარცხება არ უნდა, იქ მე რა მინდა?! ჯერ სანამ არის თეორიული შანსი…”, – განაცხადა მელიამ.