„თქვენ ადგილს აფუჭებთ, პარტიაში უნდა იყოთ“ | პრემიერის მორიგი დაპირისპირება ჟურნალისტებთან

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს ჰკითხეს, დაისჯებოდნენ თუ არა ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორები და აიღებდა თუ არა თავად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პრემიერმა „ფორმულას“ ჟურნალისტს „პარტიული აქტივისტი“ უწოდა.

„ეს არის ძალადობა, რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ ხართ პირდაპირ პარტიული აქტივისტი. „ნაცმოძრაობის“ წევრი ხართ თქვენ, რომელიც ფინანსდებით ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ… მე მინდა ერთი გითხრათ, რომ ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ. მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები.

ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიულ დანაყოფებად. ეს არ არის დანაშაული, დანაშაული არის ის, რასაც სჩადიოდა თქვენი დამფინანსებელი სააკაშვილი და მისი გუნდი“, – მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„ფორმულას“ ჟურნალისტმა პრემიერს უპასუხა, რომ ელოდებიან პასუხს, როდის დაისჯებიან ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზატორები, ის კი თავისი განცხადებებით ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს. ჟურნალისტმა პრემიერს მიუთითა, რომ მედიის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა მისი ვალდებულებაა. რაზეც პრემიერის პასუხი იყო, რომ ის „პარტიული აქტივისტია“.

„თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ. თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე. პარლამენტში მინდა გიხილოთ თქვენ, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“, – მიმართა ღარიბაშვილმა „ფორმულას“ ჟურნალისტს.