საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.
მოხსენება მან იმის განხილვით დაიწყო, რა ვითარებაში გადაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება და როგორი იყო გუნდის პოლიტიკა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ისაუბრა, სად დგას დღეს საქართველოს ხელისუფლება.
მისი შეფასებით, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა, „ოცნებაში“ აღარ ისმის განსხვავებული აზრი, გაძლიერდა პარტიის გავლენა სახელისუფლებო შტოებზე; ხელისუფლება უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.
„არ შემიძლია ახლა არ გითხრათ, სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება.
სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.
დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების განწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას. ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი, ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას.
„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს.
დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე, და რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე.
თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს.
2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა რეალურად ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს „ქართული ოცნების“ მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე.
ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე. არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ.
უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით.
25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს – მეტს არვინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას.
იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს – ახია ჩვენზე!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს“.
„ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.