„თქვენ მარტო არ ხართ სამართლიანობის, თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში“ – მშვიდობის კათედრალმა, რომლის წინამძღვარიც ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო ინტერრელიგიური მოღვაწეების წერილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება. გთავაზობთ წერილს, რომელიც „პუბლიკას” სონღულაშვილმა მიაწოდა.
2 მარტი, 2021
„მშვიდობა და კეთილი სურვილები ყველას, ვინც ამ წერილს კითხულობთ. როგორც გლობალური თემის წევრები და მორალური ლიდერები, გწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებიც ახლა დემოკრატიისა და სამართლიანობის გზაგასაყარზე დგახართ. 2021 წლის 6 იანვარს ჩვენი სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები ისეთივე პოლიტიკური კრიზისის მომსწრე იყო, როგორისც ახლა თქვენ ხართ თქვენს ქვეყანაში: ვიბრძოდით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის და ისეთი დემოკრატიული ფასეულობების დაცვისთვის, როგორიცაა საერთო კეთილდღეობა, სიმართლე, თანასწორობა, სამართლიანობა და თავისუფლება ყველა მოქალაქისათვის.
ჩვენ სიღრმისეულად ვიზიარებთ დოქტორი მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის სიტყვებს, რომელიც მან 1963 წელს დაწერა, როდესაც ის სამართლიანობისთვის ბრძოლის გამო იჯდა ციხეში. ის წერდა: „უსამართლობა ერთგან არის სამართლიანობის საფრთხე ყველგან. ჩვენ ჩაბმულივართ ერთობის გარდაუვალ ბადეში, ბედისწერის ერთ ნაჭერში ვართ ჩაქსოვილები. რაც პირდაპირ ეხება ერთს, არაპირდაპირ ეხება ყველას“. სწორედ ამ ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვწერთ ამ წერილს, რომ გვერდით დავუდგეთ ქართველ ხალხს სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვამოძრავებს. ვწერთ, რადგან გვჯერა, რომ სამართლიანობა და სიყვარული არის მთელი კაცობრიობის წმიდა მისია. ჩვენ ვწერთ აღსარებით სავსე გულით, რადგან ვიცით, რომ ადამიანებს ბევრჯერ მოგვეცარა ხელი, „სხვაც“ ადამიანად დაგვენახა. ჩვენ ვწერთ იმის გააზრებით, რომ დიალოგის პროცესსა და არა-ძალადობრივ გზას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ავტორიტარიანიზმს. ჩვენ ვწერთ, რომ განვაცხადოთ: ეს ფასეულობები – სამართლიანობა, სიკეთე, დიალოგი, არა-ძალადობა – არის სწორეს ის ფასეულობები, რომლებიც გვაერთიანებს, ერთ ოჯახად გვკრავს ერთობის ბადეში.
ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და რელიგიურ ლიდერებს მთელ მსოფლიოში:
- დაგმეთ სახელმწიფო, რელიგიური თუ კულტურული სისტემები, რომლებიც ადამიანს რიყავენ და დევნიან რასის, სქესის, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური იდენტობის გამო.
- დაგმეთ ძალადობრივი სისტემის მიერ გამოწვეული ძალადობა.
- დაგმეთ ოპოზიციის ლიდერების დადუმების მცდელობა და თავისუფალ სიტყვაზე განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმა.
იგივე სულისკვეთებით, ჩვენ მივმართავთ მოქალაქეებს მთელ მსოფლიოში:
- მოითხოვეთ სამართლიანობა და ღირსება ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი რასისა, სქესისა, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური იდენტობისა.
- მოითხოვეთ სახელმწიფო, რელიგიური და პოლიტიკური სისტემები, რომლებიც იქნება სამართლიანი და კორუმპირებული ძალაუფლებისგან დაზღვეული.
- მოითხოვეთ განსხვავებული აზრების პატივისცემა და ღია დიალოგი.
ვინაიდან გვჯერა, რომ „მორალური სამყაროს გზა გრძელია, მაგრამ სამართლიანობისკენ მიმავალი“, ჩვენ არ დავნებდებით სასოწარკვეთას და უიმედობას ასეთ რთულ დროს. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ერთმანეთს დავუდგებით მხარში და გავაგრძელებთ სვლას საერთო სიკეთისათვის, ყველა ადამიანისთვის მიუხედავად იმისა, ამ დედამიწის რომელ მხარეში ვხოვრობთ.
ქართველ ხალხს გვინდა ვუთხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ სამართლიანობის, თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში. თქვენ გვერდით ვდგავართ და იმედი გვაქვს, ერთ დღესაც დავძლევთ ძალადობრივი მმართველი სისტემების უსამართლობას, რომლის მიზანიც სიმართლის დადუმებაა.
იდექით მტკიცედ და მხნედ თქვენს ბრძოლაში ადამიანის უფლებებისთვის. იცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენც თქვენ გვერდით ვართ”, – ნათქვამია წერილში.
- მაღალღირსი დოქტორი ნენსი ე. პეტი, პროტოპრესვიტერი, ფულენის მემორიალური ბაპტისტური ეკლესია, რალი, ჩრ. კაროლინა, აშშ (ქრისტიანი);
- იმამი აბდულა ატეპლი, პროფესორი, დიუკის უნივერსიტეტი, დურამი, ჩრ. კაროლინა, აშშ (სუნიტი მუსლიმი);
- რაბინი ლუსი დინერი, მთავარი რაბინი, ბეთ-ორის ტაძარი, რალი, ჩრ. კაროლინა. აშშ (რეფორმირებული იუდაიზმი);
- მაღალღირსი პაულა კლეიტონ-დემფსი, პარტნიორული ურთიერთობების ხელმძღვანელი, ბაპტისტთა კავშირი, მარს ჰილი, ჩრ. კაროლინა, აშშ (ქრისტიანობა)“.