„თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში“ - გიორგი ჩიკვაიძე მოსამართლემ სხდომიდან გააძევა

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულ ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპუაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები. პროცესიდან გააძევეს გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც დღეს უნდა დაკითხულიყო. ჩიკვაიძე პროცესზე ეტლით მიიყვანეს.

დაცვის მხარე ითხოვდა დამატებით მოწმეების გამოკითხვას. ბრალდების მხარის პოზიციაა, რომ დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა ამ პირების სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა და არ წარადგინა გამოსაკითხების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

ჩიკვაიძემ სხდომაზე ისაუბრა დაკავების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, როცა მისი თქმით, შიმშილობის მე-18-მე-19 დღეს მასთან შევიდნენ პირები, რომლებმაც თავი გააცნო როგორც ფსიქოლოგები:

„მათ გადმომცეს ბატონი ივანიშვილის შემონათვალი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა მემხილებინა აშშ-ის საელჩო, თითქოს ისინი მავალებდნენ აქციების ორგანიზებას და არაკანონიერ ქმედებებს და მეორე, მითხრეს, რომ ახლა ხომ იცი, რომ ჩვენ ხელში ხარ და მთხოვდნენ აღიარებას დანაშაულის, რომელიც არ ჩამიდენია. შემდეგ ეს გადაიზარდა კონფლიქტში, რის მერეც ეს დასრულდა და იმავე ღამეს. სახალხო დამცველმა არაერთხელ სთხოვა პენიტენციურ სამსახურს კამერების ამონაწერი, როდესაც მათ მიიღეს კამერების ამონაწერი, საჭიროდ ჩათვალეს საქმეში ჩაერთოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რამ გამოძიება დაწყებულიყო“, – თქვა ჩიკვაიძემ.

სხდომაზე ასევე მოითხოვეს 9 მარტის ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა, ჩიკვაიძის განმარტებით, ამ დღეს დაფიქსირდა მცდელობა უკანონოდ შესულიყვნენ მის საცხოვრებელ სახლში, რაზეც ინფორმაცია მან სოცქსელში გაავრცელა და საგურამოს პოლიციას მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მესამე შუამდგომლობა შეეხებოდა ირაკლი პაპიაშვილის მანქანის ჩხრეკაში მონაწილეების გამოკითხვას, ჩიკვაიძე ამბობს, რომ მათ მიზანმიმართულად დააზიანეს ბიზნესმენის ტელეფონი.

მოსამართლემ განმარტა, რომ შუამდგომლობები არ არის დასაბუთებული და არ შეიცავს ინფორმაციებს კონკრეტულ პირებზე, რომელთა მოწმედ გამოძახებაც უნდა მოხდეს. რაც შეეხება „ფსიქოლოგებს“ მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო ვერ შეიჭრება საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში, ასევე თქვა, რომ უცნობია ამ პირების ვინაობა.

ჩიკვაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მკვლელობის მონაწილეა, რის შემდეგაც მას შენიშვნა მისცეს, მოგვიანებით, როცა მას ფიცი უნდა დაედო, თქვა, რომ სასამართლო უწყება 30 ვერცხლადაა გაყიდული.

„დღეს სიმბოლური დღეა და როგორც თქვენი უწყებაა 30 ვერცხლად გაყიდული, ვიხელმძღვანელებ საეკლესიო [ფიცით]“ – ამის შემდეგ მოსამართლემ ჩიკვაიძეს კიდევ ერთხელ მისცა შენიშვნა.

ჩიკვაიძემ თქვა, რომ არ ახსოვს 13 მარტის ღამე, როცა ის გონს მოვიდა მის გარშემო უამრავი ადამიანი იყო მათ შორის თეთრხალათიანები:

„45 წუთი მიმდინარეობდა კრუნჩხვის ეპიზოდი, რით იყო გამოწვეული არც ეს მახსოვს, რის შემდეგაც მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მე დამემართა ინსულტი და მეორე დღეს გადამიყვანეს ციხის საავადმყოფოში“.

მისი თქმით, ციხის საავადმყოფოს ექიმებს არ აძლევს მკურნალობის უფლებას, რადგან კონკრეტული ეჭვები აქვს მათთან დაკავშირებით, ხოლო ინსულტის არმკურანლობის გამო განუვითარდა ზურგის ტვინის ანთება, რამაც გამოიწვია ის, რომ „წართმეული აქვს მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალში მხედველობა“.

„როდესაც მე გეუბნებით, რომ თქვენ მონაწილეობთ ჩემს მკვლელობაში, ზუსტად ამას ვგულისხმობ, თქვენი უკანონო გადაწყვეტილების შედეგია ეს და თქვენ ხართ უშუალოდ პასუხისმგებელი. 6 თვეზე მეტია, რაც ეს პროცესი დაიწყო. ვცდილობ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდო თქვენი უკანონობებზე ინფორმაცია, რომ ვეღირსო თქვენს დასანქცირებას. ერთმა დოკუმენტმა გადაწყვიტა თქვენი სიაში შეყვანა. ეს იყო ის უკანონო შუამდგომლობა, რომელიც დაუკმაყოფილეთ პროკურატურას, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, იმიტომ, რომ ამის შედეგებს მომავალი კვირიდან ნახავთ“, – თქვა ჩიკვაიძემ.

ჩიკვაიძემ თქვა, რომ „სისხლის სამართალში გადაკერილ სამოქალაქო საქმეს“ მოსამართლე უტიფრად იძიებს, ამის შემდგე მას იზა კელენჯერიძემ უთხრა, რომ თუ სასამართლოს კიდევ მიაყენებდა შეურაცხყოფას გააძევებდა, ხოლო ბოდიშის მოხდის შემთხვევაში საბოლოო სიტყვაში ამ ყველაფერზე საუბრის უფლებას მისცემდა.

„30 ვერცხლად გაყიდულ იზა კელენჯერიძეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს, მე არაფერზე ბოდიშს არ მოვუხდი. შენ ხარ მკვლელი დედაკაცი და ამისთვის პასუხს აგებ“, – უთხრა ჩიკვაიძემ მოსამართლეს, როცა მას აძევებდნენ.

იზა კელენჯერიძემ ასევე დარბაზიდან გააძევა გიორგი ჩიკვაიძის დედა, რომელმაც მოსამართლეს „მონა“ და „იუდა“ უწოდა. მომდევნო სხდომა 29 აპრილს ჩაინიშნა.


11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეცვალა. ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას მოითხოვდა. ჩიკვაიძესა და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.

გიორგი ჩიკვაიძემ 10 აპრილს თქვა, რომ 7 დღით წყვეტდა შიმშილობას, რათა პენიტენციურ სამსახურს საბაბი არ ჰქონოდა, 17 აპრილის სხდომაზე არ გადაეყვანათ.