„დუმილი გასაკვირია" - კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვანსს ღია წერილით მიმართავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიდე-პრეზიდენტს ღია წერილი მიმართა.

წერილში ის ავითარებს პროპაგანდისტულ ნარატივებს და კვლავ საუბრობს Deep State-ზე, „რევოლუციურ სცენარზე“ და აკრიტიკებს იმას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები კვლავ ძალაშია.

კობახიძე აცხადებს, რომ „გასაკვირია“, რატომ არ ასწორებს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის „დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს“ – მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის „დუმილი“ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი „ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც“ აწარმოებენ დიალოგს.

ის წერს:

„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-2011 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომლებიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია.

– საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ, თუნდაც, ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგსა და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არა აქვს“.

ის აქვე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკაში „თვალში საცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა ჩვენს ხედვებს შორის“. აკრიტიკებს ორპარტიული მხარდაჭერის მქონე MEGOBARI ACT-საც, მას კიდევ ერთხელ უწოდებს „მტრულს“ და ამბობს, რომ ყურადღებას საერთოდ არ გაამახვილებდნენ, რომ არა ის გარემოება, რომ არაერთი ადამიანი მას ტრამპის ადმინისტრაციას „მიაწერს“.

„ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა“.

ბოლოს ის კვლავ საუბრობს „Deep State“-ზე და ამბობს, რომ ჩნდება განცდა, თითქოს „Deep State“-ის დამარცხების შესახებ განცხადებები „მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი“.

კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ იტოვებს იმედს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „Deep State“-ის დამარცხების „რეალური შესაძლებლობის“ შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება“.

მისი თქმით, ფაქტი, რომ „USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება“, იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „Deep State“-ს „რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია“.